კინოს ისტორია ყოველთვის ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად ვითარდებოდა. უხმო ფილმებიდან ფერად კინომდე, პატარა დარბაზებიდან IMAX-ის გიგანტურ ეკრანებამდე – კინო მუდმივად იცვლებოდა. თუმცა, ალბათ არც ერთ ცვლილებას არ შეუცვლია მისი აღქმა ისე მნიშვნელოვნად, როგორც დღევანდელ ციფრულ ეპოქას.

 დღეს ფილმის სანახავად სახლიდან გასვლა ხშირად აღარ არის საჭირო. მსოფლიოს საუკეთესო ნამუშევრები რამდენიმე წამში შეიძლება ჩვენს ლეპტოპზე, ტელეფონსა თუ ტელევიზორზე აღმოჩნდეს. სტრიმინგ პლატფორმებმა კინო უფრო ხელმისაწვდომი გახადა, მაგრამ ამავე დროს, შეცვალა ჩვენი ურთიერთობა მასთან.

 ოდესღაც კინოში წასვლა პატარა რიტუალი იყო. არჩევდი ფილმს, ემზადებოდი, მიდიოდი დარბაზში, იკავებდი ადგილს უცნობ ადამიანებთან ერთად და რამდენიმე საათით ერთ საერთო ემოციაში ერთიანდებოდი. კინოს დარბაზი მხოლოდ ადგილი არ იყო, ის იყო სივრცე, სადაც ფილმი სრულად არსებობდა.

 დღეს კი ხშირად ფილმს პარალელურად ვუყურებთ – ტელეფონს ვამოწმებთ, შეტყობინებებს ვპასუხობთ, ვაჩერებთ, როცა დრო არ გვაქვს. ფილმი, რომელიც დიდ ეკრანზე და სიბნელეში სრულ ყურადღებას მოითხოვდა, ხშირად ხდება უბრალოდ კიდევ ერთი კონტენტი ჩვენს ყოველდღიურობაში.

და სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: ხომ არ ვკარგავთ კინოს, როგორც ხელოვნებას?

 რა თქმა უნდა, ფილმის სიდიადე მხოლოდ ეკრანის ზომაზე არ არის დამოკიდებული. დიდებული ნამუშევარი შეიძლება ლეპტოპის ეკრანზეც ვიხილოთ. მაგრამ არსებობს რაღაც განსაკუთრებული იმ მომენტში, როცა რეჟისორის მიერ შექმნილ სამყაროში მთლიანად შედიხარ – როდესაც ორი საათით სხვა რეალობაში გადადიხარ და არა უბრალოდ „უყურებ რაღაცას“.

 კინო ყოველთვის იყო ყურადღების ხელოვნება. ის გვთხოვს შეჩერებას, ყურებას, მოსმენას და ფიქრს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ჩვენი ყურადღება მუდმივად დანაწევრებული, ეს გამოცდილება, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს.

 შესაძლოა, კინოს მომავალი არ იყოს ბრძოლა კინოთეატრსა და სახლს შორის. შესაძლოა ორივეს თავისი ადგილი ჰქონდეს. მაგრამ რაც არ უნდა შეიცვალოს ტექნოლოგია, ერთი რამ უცვლელი რჩება – კარგი კინო არ არის მხოლოდ ის, რასაც ვუყურებთ. ეს არის ის, რასაც განვიცდით.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *